საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" კელი დეგნანის განცხადებებს გამოეხმაურა. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მათ მიერ დასმული შეკითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. მათთვის ბუნდოვანია, რა არის დიპლომატისთვის გაუგებარი.
"კი ის ამჯობინებს ფაქტებით საუბარს კარგია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობთ და ამ ფაქტებზე დაყრდნობით დავსვით არაერთი კითხვა, რომელიც ეხებოდა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას, მითუმეტეს იმ დროს როცა რეგიონში საომარი მოქმედებები და ქვეყნის უსაფრთხოების რისკი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ვერც ერთ დასმულ კითხვაზე პასუხი. მე ვფიქრობ, ესეც სწორედ დემოკრატიის ნაწილია, როცა უმრავლესობაში დეპუტატების ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უფრო მაღალ ხარისხში უნდა მიაწოდოს სიმართლე, დასვას კითხვები, რომელიც ეხება ამავე საზოგადოებას," – აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე.
პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ რამე აზიანებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, ეს არის სწორედ პასუხგაუცემელი კითხვები.
"თუ რამე აზიანებს, მათ შორის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, ეს არის სწორედ, სამწუხაროდ, პასუხგაუცემელი კითხვები, ან ბუნდოვანი პასუხები, ან შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამიტომ, საზოგადოებაში ეს უკვე კარგად არის გაგებული, ნურავინ ნუ ინერვიულებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გებულობს ამას საზოგადოება, ძალიან კარგად გებულობს. პარტნიორული ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი ელჩი იყოს აქ პოლიტიკის განმსაზღვრელი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეფასება გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც". "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ განმარტავს განსხვავებას მათსა და "ხალხის ძალის" მიდგომებს შორის.
"მოდით დავეხმაროთ ამერიკის ელჩს, რომ გავუფანტოთ დაბნეულობა, ძალიან მარტივად არის საქმე. "ხალხის ძალაში" წასულ ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და "ქართულ ოცნებას" შორის სხვაობა არის იმაში, რომ "ქართულ ოცნებაში" დარჩენილები ვთვლით, რომ რიგი პრობლემები, სადაც პოზიციები შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, საერთაშორისო, არის კულუარებში გადასაწყვეტი და არ არის სახალხო გარჩევის საგანი და ისინი თვლიან პირიქით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, კელი დეგნანს კითხვა მოძრაობა "ხალხის ძალის" შესახებ დაუსვეს. ელჩი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მთავრობის დამოკიდებულება დამაბნეველია. ასევე, ელჩის თქმით, 30 წლის მანძილზე აშშ საქართველოს ერთგულია.