15 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
იყენებენ თუ არა შვეიცარიულ ბანკს უცხოური ძალები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იარაღად - რა დეტალებზე საუბრობს ზაზა შათირიშვილი წერილში

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი საადვოკატო კომპანიის განცხადებას, სადაც შვეიცარიული ბანკის მიერ კლიენტის მიმართ ჩადენილ სამართლებრივ და ფინანსურ ხარვეზებზე იყო საუბარი, დღეს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი განცხადება მოHყვა. შათირიშვილის თქმით, ფაქტები რომელიც ემ-ქეი-დიმ გაავრცელა ადასტურებს, რომ ივანიშვილის ძარცვა ბანკმა გარკვეული გარე ძალების მითითებით ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც ბიზნესმენი მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებებს დაუპირისპირდა.

შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მილიარდის მოპარვის უკან სპეცსამსახურების ინტერესები იდგა, რასაც ფულის მოპარვისთვის ნასამართლევი პატრის ლესკუდრონის ჯერ მცირე მსჯავრი, შემდეგ კი კითხვის ნიშნებით მოცული თვითმკვლელობა მოყვა.

ზაზა შათირიშვილმა ვრცელ წერილში სინგაპურის სასამართლო დავის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. შათირიშვილის თქმით, დიდძალი ფინანსებით ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვაჭრობა, კრედით სუისის ახლადდანიშნულმა მთავარმა იურისტმა პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე სცადა. საუბარია 2 მილიარდამდე დოლარის უპირობო დაბრუნებაზე, სავარაუდოდ ქვეყნისთვის მძიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევის სანაცვლოდ. ანალიტიკოსის თქმით, მილიარდების ნაცვლად ივანიშვილმა ფსონი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გააკეთა.

კრედიტ სუისის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმართული ქმედებები დღეს მმართველი გუნდის ლიდერებმაც შეაფასეს. მათი აზრით, ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადება, შვეიცარიული ბანკის მიმართ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პოლიტიკოსების თქმით, აშკარაა, რომ ივანიშვილის მიმართ ზეწოლა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.

სინგაპურის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებადამცველ კომპანიაშიც გაკეთდა. ემ-ქეი-დი-ში ამბობენ, რომ საქმე უპრეცენდენტოდ ბევრ სამართლებრივ ლაფსუსს შეიცავს, რაც მის მიმართ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ადვოკატის თქმით, კრედიტ სუისი ამ საქმით მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას აზიანებს. სანდრო სამადბეგიშვილმა დღეს ისიც განმარტა, რომ პატრის ლესკუდრონი სინგაპურის პროცესზე მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყო.

შვეიცარიული ბანკის მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, მილიარდ დოლარზე მეტი თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე, სამართლებრივი დავა სინგაპურის საარბიტრაჟო სასამართლოში გრძელდება.

დღის ამბები