"ქართული ოცნება" ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებაც ჩაიწერა, მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისგან ოლიგარქის შექმნას ცდილობს.
"ოცნებაში" "ნაციონალურ მოძრობას" მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და ბიზნესმენის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებას ახსენებენ. უმრავლესობის წევრების აზრით, კანონის ერთ პერსონაზე მორგებით, ოპონენტები ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართულ შეფერხებას ცდილობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიძინა ივანიშვილი მეცენატი იყო" - ასე პასუხობენ მმართველი გუნდს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში. "ნაცმოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქად მხოლოდ მათი მმართველობიდან ჩამოშორების შემდეგ იქცა.
ბიძინა ივანიშვილი რომ წარსულში სახელმწიფო უწყებებს აფინანსებდა, ამაში პრობლემას ვერც ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ხედავენ. დღეს უკვე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ კანონის მიღების დროს მხოლოდ ევროკომისიის სურვილები უნდა იყოს გათვალისწინებული. პოლიტიკოსები, ტერმინი - ოლიგარქის განმარტებას არა ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ გავლენას უკავშირებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს, დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს.
კანონმდებლების თქმით, ოპონენტები სამართლებრივი ნორმების მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონს მხოლოდ უკრაინული ანალოგი აქვს. შესაბამისად, მმართველი ძალა მზადაა, რადას მიერ მიღებული დოკუმენტის ქართული ვერსია დაამტკიცოს.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთ-ერთია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ, პარტნიორების მოთხოვნები საკანონმდებლო ბაზაში წლის ბოლომდე უნდა ასახოს.