"წიკლაური კლავს" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, მოკლული 26 წლის ქალის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა თელავში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები თელავის რაიონული სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მოსამართლეს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ რომ არ გაეთავისუფლებინა, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.
მათივე თქმით, სასამართლო დარბაზის დატოვებიდან რამდენიმე დღეში 22 წლის კაცმა მუქარა სისრულეში მოიყვანა და ცოლი ცივი იარაღით მოკლა.
სასამართლოსთან შეკრებილები მოსამართლის მიერ თანამდებობის დატოვებას, ხოლო დაკავებულის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
აქციაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია "საფარის" ადვოკატიც, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, მოსამართლე ვალდებული იყო ინდივიდუალურად შეესწავლა საქმე, რადგან არსებობდა მაღალი რისკი.
ფემიციდის შემთხვევა თელავში 9 ოქტომბერს მოხდა.