როგორ შეიძლება სამართლებრივად ოლიგარქის სტატუსს საქართველოსა და უკრაინაში პირი განსხვავებული კრიტერიუმებით იღებდეს - ეს არის კითხვა, რომელსაც "ქართული ოცნება" ოპონენტებს უსვამს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უკრაინული მოდელის კრიტიკა დაიწყო, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი მიზანი ადრეც და ახლაც კონკრეტული პერსონის წინააღმდეგ ამ კანონის მიღება იყო, როდესაც რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, მათ რიტორიკა შეცვალეს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უკრაინული და ქართული რეალობა განსხვავებულია და თუ კანონი მორგებული არ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, მაშინ მათთვის ეს რეკომენდაციის შესრულება არ იქნება.
"ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენ ჩაგვიწერეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უკრაინას მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, როდესაც რეზოლუციაში სახელითა და გვარით ეწერა, ვინ არის ოლიგარქი. შესაბამისად, ეს მიდგომა ხელისუფლების მხრიდან არის მანიპულაციის მცდელობა და მხოლოდ გამართლება ამ საკანონდებლო ინიციატივის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ "კურიერთან".
"გირჩის" იაგო ხვიჩიას თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს ოლიგარქია და ქვეყანაში პრობლემა სულ სხვა მიმართულებით არსებობს.
"ოლიგარქია ქართული გაგებით რას ნიშნავს, მე არ მესმის, არც უკრაინული გაგებით რას ნიშნავს ის არ მესმის. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ოლიგარქების დევნა არ არის სწორი. ჩვენ რა პრობლემაც გვაწუხებს, ეგ არაფერ კავშირში არ არის ოლიგარქების არსებობასთან. ეგ არის ერთპიროვნული მმართველობის არსებობასთან პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები, მმართველები, პირველი პირები, რომელთაც ოლიგარქობას ვერცერთი კრიტერიუმით ვერ დააბრალებდი, თუმცა ისინი ისე წარმოადგენდნენ პრობლემას, როგორც დღევანდელი და სხვა ერთპიროვნული მმართველები წარმოადგენენ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "კურიერთან".
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით კი, დეოლიგარქიზაციის კანონი ისე არის მორგებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ეხება.