11 ივნისი 2026,   19:54
ვრცლად
უკრაინის სამხედრო დახმარება და მორიგი ტრანშის გამოყოფა ლეტალური იარაღის შესასყიდად - დილიდან ევროკავშირის ქვეყნების პირველი დიპლომატები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ

კიევის მორიგი დაბომბვის ფონზე, დღეს დილიდან ევროკავშირის ქვეყნების პირველი დიპლომატები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. მთავარი თემებია უკრაინის სამხედრო დახმარება და ამისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფა ლეტალური იარაღის შესასყიდად, საწვრთნელი მისიის შექმნა, რომელიც მოამზადებს არამხოლოდ ჯარისკაცებს, არამედ მეთაურებს და მზადება სანქციების მორიგი, მეცხრე პაკეტისთვის. დაბომბვების ფონზე, მინისტერიალის დაწყებამდე, მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არსებული ვითარება აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

​"ჩვენ მოვისმინეთ დილიდან რუსეთის მიერ კიევის ცენტრზე დრონების გამოყენებით მძიმე თავდასხმის შესახებ. ვისაუბრებთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ რა ზომები უნდა გატარდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებასა და ჩვენი საწვრთნელი მისიის მუშაობას შეეხება. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. რუსეთი სულ უფრო იზოლირებულია, ნათელია, რომ მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით რუსეთი ომში აგებს.

მივესალმები ჩემი ბალტიელი კოლეგების მოთხოვნას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით, მომხრე ვარ ყველა შესაძლო ზომა იქნას მიღებული, რათა მათ პასუხი აგონ, ვნახოთ, არის თუ არა ამისთვის ტრიბუნალი საუკეთესო გზა," - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი​.

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი რასტისლავ კაჩერის განმარტებით, უკრაინაში ვითარების ესკალაცია გრძელდება.

​"გრძელდება ვითარების ესკალაცია უკრაინაში. რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს. ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მათ შორისაა დახმარების გაწევა წვრთნებზე," - აცხადებს რასტისლავ კაჩერი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეფე კოფოდი ამბობს, რომ პუტინის აგრესიის შესაჩერებლად გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო.

​"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მთავარი თემაა. დღეს დილით გახდა ცნობილი კიევზე ახალი თავდასხმების შესახებ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინას სამხედრო წვრთნებში დავეხმაროთ.

გარდა ამისა გამოვყოთ თანხა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, რომ ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს. დრონების საკითხზე ირანის წინააღმდეგ სანქციებია საჭირო. პუტინის აგრესიის შესაჩერებლად გრძელვადიანი სტრატეგია გვჭირდება," - ამბობს ჯეფე ჯოფოდი.

დღის ამბები