"ცალმხრივი მეგობრობის მორიგი მაგალითი" - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი საქართველოში ძებნილი ზურაბ ადეიშვილის უკრაინის სახელით მაღალი დონის ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობაზე. ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში ევროსაბჭოს მაღალჩინოსნებთან აუდიენციაზე უკრაინის გენპროკურორთან ერთად გამოჩნდა. ადეიშვილი რუსული აგრესიის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებასა და მათი ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიწოდებაზე მუშაობს. თბილისში ამბობენ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის მსჯავრდებულის ახალი სტატუსი, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობაა.
ევროსაბჭოს ტვიტერის გვერდზე დადებულ ფოტოს კრიტიკული გამოხმაურება მოყვა შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის მხრიდანაც. მაიკლ ჩეჩირმა დაწერა, რომ დამნაშავე ზურაბ ადეიშვილის რეაბილიტაციის მცდელობით, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის პრინციპები ირღვევა. ჩეჩირი დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართული ოცნების" მარიონეტად მონათლეს. თქვეს ისიც, რომ ადეიშვილი უდანაშაულოა და პოლიტიკურად იდევნება.
კოლეგებისთვის პოლიტიკური დევნილი, დადასტურებულად დამნაშავეა პარტია მოქალაქეების ლიდერისთვის. ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ პირადად იბრძოდა, დღეს ოფიციალურ კიევს აკრიტიკებს. უკვირს რატომ არ მოიძებნა უკრაინაში სხვა უფრო კვალიფიციური იურისტი .
"საქართველოში მსჯავრდებულის უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლად გაგზავნა დამაზიანებელია თავად კიევისთვის "- ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. მათი თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი 2012 წლამდე საქართველოში ჩადენილი ყველა მძიმე დანაშაულის თანამონაწილეა. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მისთვის ნდობის გამოცხადება "ოცნების" დეპუტატებისთვის პრინციპულად მიუღებელია.
პატიმრების წამების საქმე, კობა დავითაშვილის გატაცება და სასტიკად ცემა, ტელეკომპანია იმედის დარბევა, ტელეკომპანია იბერიას დარბევა, ბუტა რობაქიძის მკვლელობა - ეს იმ დანაშაულების მხოლოდ ნაწილია, რომელშიც ზურაბ ადეიშვილი ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ ცნო. საქართველოში ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა ადამიანის უფლებების დასაცავად უკრაინაში იბრძვის. როგორც ირკვევა ევროსაბჭოს სახელით შეხვედრების, რომელსაც ზურაბ ადეიშვილიც ესწრება, ერთ-ერთი ორგანიზატორი - საქართველოს მოქალაქე ნათია ჯაფარიძეცაა. ის წინა ხელისუფლების დროს 2004-2007 წლებში საქართველოს ელჩი იყო საფრანგეთში, 2014 წლიდან კი სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.