15 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ჩემი პირადი საუბრები და სატელეფონო მიმოწერები გავრცელებული იქნა მესამე პირებზე და მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი - მალხაზ თავდგირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მალხაზ თავდგირიძე, ამ წუთებში, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. ის საგამოძიებო სამსახურში მისი განცხადების საფუძველზე დაიბარეს. თავდგირიძემ თქვა, რომ მის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან უკანონო ქმედებები და შანტაჟი განხორციელდა.

თავდგირიძის განმარტებით, ყოფილმა თანაგუნდელებმა მისი პირადი საუბრები მესამე პირზე გაავრცელეს. საკითხზე, გვიან ღამემდე საგამოძიებო უწყებაში იყვნენ ის პირებიც, ვისაც თავდგირიძე ადანაშაულებს, მათ შორის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაიში და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი. განჩინების საფუძველზე, მათი ტელეფონები ამოიღეს. 

"მე ვტოვებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს და ასევე, პარტიასაც. ჩემ მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები. ჩემი პირადი საუბრები და სატელეფონო მიმოწერები გავრცელებული იქნა მესამე პირებზე და მიმდინარეობდა ჩემი შანტაჟი.

პარტიიდან მოთხოვნა იყო, რომ დამეტოვებინა როგორც ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე საკრებულოც და საერთოდ წავსულიყავი სახლში. პარტიას ტოვებენ აქტიური წევრები, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ პარტია ფინანსდება საქართველოდან გაქცეული დამნაშავის დავით კეზერაშვილის მიერ," - აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძე.

თავდგირიძის ბრალდებებს უარყოფენ მამუკა ჯევაიში და ელგუჯა ბაგრატიონი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ჯევაიში აცხადებს, რომ საქმე ეხება პარტიასა და ლიდერებზე ორკესტრირებულ შეტევას.

"საგამოძიებო სამსახური დაკავებულია ვიღაცების განცხადებებით. მალხაზ თავდგირიძემ შეიძლება თქვას, რომ კენედი მოვკალი მე, მე უნდა დამიჭირონ? რა შანტაჟი, რას მელაპარაკებით, შანტაჟზე რომ საუბრობს აქამდე მე გამაჩერებდა აქ? რომელი შანტაჟისტი მე მნახეთ, ან თუ მე ვინმეს ვაშანტაჟებდი ახლა ბორკილებით არ გამომიყვანდნენ აქედან?! რა სისულელეს მელაპარაკებით. საქმე გვაქვს ორკესტრირებულ შეტევასთან პარტიაზე და ლიდერებზე," - აცხადებს მამუკა ჯევაიში​.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 159-ე მუხლით, რაც პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და გავრცელების ფაქტს გულისხმობს.

დღის ამბები