"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ მოქმედ ომბუდსმენს საკუთარი მემკვიდრის დატოვება სურს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების აზრით, სქემა მარტივია - თუ ოპოზიციის დახმარებით სახალხო დამცველობის ვერცერთი კანდიდატი პარლამენტში 90 ხმას ვერ მოაგროვებს, განმეორებით პროცედურამდე მთავარი უფლებადამცველის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს.
მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ნინო ლომჯარიასა და ხელისუფლების ოპონენტებისთვის მისაღები გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურაა, რომელიც ამ თანამდებობისთვის ისედაც იბრძვის.
მმართველი გუნდის მსგავსად, ნინო ლომჯარიას სავარაუდო სურვილს მისაღები კანდიდატის დატოვებაზე, არც "გირჩში" გამორიცხავენ. იაგო ხვიჩია, რომელიც თავად ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატია "კურიერთან" ამბობს, რომ მესამე სექტორისა და სახალხო დამცველისგან მსგავს ტაქტიკურ სვლას ყოველთვის ელოდა.
ვერსიას ომბუდსმენის პირველ მოადგილედ გადაყვანასთან დაკავშირებით თავად გიორგი ბურჯანაძე კატეგორიულად უარყოფს. სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ფიქრობს, რომ ინსტიტუტს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული ხელმძღვანელი სჭირდება.
მისი თქმით მოვალეობის შემსრულებელი თავად ომბუდსმენის აპარატსაც დაასუსტებს.
რაც გიორგი ბურჯანაძისთვის გამორიცხულია, დასაშვებია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის. მათი თქმით, ნინო ლომჯარიას შიდა საკადრო გადაჯგუფებების სრული უფლება აქვს, რაც მათთვის მისაღებია.
დღის ბოლოს, ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის ნაწილისა და მომქმედი სახალხო დამცველის რიტორიკა, ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესის დისკრედიტირებას ახდენს. "ქართული ოცნების" წევრების აზრით, მცდელობის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს პროცესის ჩაგდების საშუალებას არ მისცემს.
ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება, რაც პარლამენტში ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.