თბილისი ვიცე-მერის განცხადებით, მერიის როლი იყო დაგეგმვა, დაკვეთა და დაფინანსება.
მერიას არ ჰყავს არც მუშა, არც ხელოსანი, არც ელექტრო მექანიკოსი, არც ექსპერტი- ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც განკარგავს ბიუჯეტს და არა მხოლოდ,- ამის შესახებ ირაკლი ხმალაძე "რუსთავი2-ზე" "ღამის კურიერში" საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ხმალაძე განმარტავს იმას, თუ რომელ რგოლს ევალებოდა პირნათლად საპროექტო სამუშაოებზე ზედამხედველობა.
ვიცე-მერი იმასაც აღნიშნავს, რომ პროექტს საპროექტო ორგანიზაციის გარეშე ვერავინ ვერ ცვლის და თუ მშენებლის მიერი მოხდება პროექტზე გვერდის ავლით მუშაობა, ამაზე სწორედ საპროექტო ორგანომ უნდა მოახდინოს რეაგირება.
"როგორც დააპროექტეს, ისე შესრულდა სამუშაო და უფრო მეტიც, საპროექტო ორგანოს ევალებოდა და ახორციელებდა ზედამხედველობას. პროექტს საპროექტო ორგანიზაციის გარეშე ვერავინ ვერ ცვლის. შეიძლება სამშენებლო კომპანიამ გადაუხვიოს და დაარღვიოს პროექტი, რა შემთხვევაშიც თუ ახორციელებდა ზედამხედველობას და მის მოვალეობას რატომ არ მოახდინა თვის დროზე რეაგირება?! საპროექტო კომპანიას, როდესაც მერია იბარებს პროექტს ვუდებთ კონტრაქტში ვალდებულებას, რომ სამუშაოების შესრულების დროს მან განახორციელოს ზედამხედველობა და გასცეს საჭირო მითითებები, რომ სამუშაოები შესრულდეს პროექტის მიხედვით. ჩვენ გვქონდა დექსპერტებული პროექტი და ამ პროექტით დავუკვეთეთ კვალიფიციურ კომპანიას.
ბოლოს აკრედიტებული ექსპერტი წერს, რომ სამუშაოები არის პროექტის მიხედვით შესრულებული, რომელსაც თან ხელმძღვანელობდა საპროექტო ორგანიზაცია. მერიის როლი იყო დაგეგმვა, დაკვეთა და დაფინანსება. მერიას არ ჰყავს არც მუშა, არც ხელოსანი, არც ელექტრო მექანიკოსი, არც ექსპერტი- ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც განვკარგავთ ბიუჯეტს და ვიღებთ გეგმარებით გადაწყვეტილებებს, ქალაქში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. შეუძლებელი იყო მერიის თანამშრომელს გამოევლინა რაიმე ტიპის დარღვევა სამუშაოების წარმოების დროს. იმიტომ, რომ მერიის გარემოს დაცვის სამსახური ტექნიკურ ზედამხედველობას არ და ვერ გასწევდა,"-აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.