კანონი საერთო სასამართლოების შესახებ ევროკომისიის ის რეკომენდაციაა, რომელსაც ჯერ შარლ მიშელის, შემდეგ კი რეფორმების ჯგუფის სახელით მომუშავე საპარლამენტო გაერთიანებამ მხარი არ დაუჭირა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, ოპოზიციის ნაწილის ლუსტრაციის შესაძლებლობად იქცა.
ევროპელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციისთვის ხმის არ მიცემას რეფორმების ჯგუფში სხვადასხვაგვარად ხსნიან. პაატა მანჯგალაძე დღეს ამტკიცებდა, რომ კანონპროექტს პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა, საბოლოოდ კი ხმის მიცემაში ხელი მედიამ შეუშალა. საპირისპირო ჩანს კენჭისყრის ოქმში, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკოსს კანონისთვის ხმა არცერთ მოსმენაზე არ მიუცია.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონს რომ ხმა არ მისცა ამას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე არ უარყოფს. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტს ის მხარს უჭერდა. თუმცა კენჭისყრაზე შესვლა დაავიწყდა.
კიდევ ერთმა რეფორმერმა დღეს თქვა, რომ ევროკომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას საერთოდ არ იცნობს, შესაბამისად არც მხარდაჭერა ჩათვალა საჭიროდ.
კოლეგების პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა "გირჩისთვის". ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკოსების ქმედება ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.
რეფორმების ჯგუფის წევრებს დღის ბოლოს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგია.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე გეგმავენ. სწორედ, მითითებების ზუსტად შესრულება განსაზღვრავს რამდენად მალე მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.