ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტის მეორე დღე ბრიუსელში - დღეს 27 ლიდერი უკრაინაზე ისაუბრებს. ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შემდეგ ევროკავშირში ამბობენ, რომ მეტი სამხედრო დახმარებაა უკრაინისთვის საჭირო.
ორგანიზაციამ მეექსვე ტრანშით მორიგი 500 მილიონი ევრო გამოყო ლეტალური იარაღის შესაძენად. ნოემბერში ამოქმედდება საწვრთნელი მისია. ასევე, დღის წესრიგში იქნება სანქციების ახალი პაკეტი და ირანი.
გუშინდელი შეხვედრა გაზის თემაზე გარკვეული შეთანხმებით დასრულდა.
როგორც შარლ მიშელმა განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმება შედგა.
მისი თქმით, არსებობს ძლიერი და ერთსულოვანი ვალდებულება ევროპის ქვეყნებმა ერთად იმოქმედონ.
"ერთიანობა და სოლიდარობა იმარჯვებს, ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ, არსებობს ძლიერი და ერთსულოვანი ვალდებულება ვიმოქმედოთ ერთად, როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოების გარანტირება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება. მესამე პუნქტი, რომელიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო არის ის, რასაც მე ნდობის პუნქტს ვუწოდებ. ეს არის გადაწყვეტილება, დავავალოთ ჩვენს ენერგეტიკის მინისტრებს, ბევრი იმუშაონ, რათა უზრუნველყონ რომ არსებობდეს მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად," - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
განცხადება ასევე გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
"ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო რამდენიმე თემაზე, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ - პირველი არის გაზის ერთობლივი შესყიდვის საკითხი. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ კომპანიებს მიეცეთ საშუალება შექმნან კონსორციუმები და ერთად იმუშაონ რათა, რათა გაზის მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდოს შესყიდვისუნარიანობა. ჩვენ შევიმუშავებთ ახალ ინდექსს, რათა უკეთ გავიგოთ ბუნებრივ აირზე ფასების მდგომარეობა. ამასობაში კი ვაპირებთ ბაზრის კორექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებას, რათა გაკონტროლებული იყოს გაზზე გადაჭარბებული ფასები. დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტი ძალიან მალე გამოჩნდება, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე მკაფიო სიგნალს ვაგზავნით ბაზრებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმოქმედოთ და რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.