12 პუნქტიანი გეგმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით, - აცხადებს ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გზავნილია მხარეებმა გადადონ გვერდით უთანხმოება და საქართველომ გააგრძელოს ევროპული გზა.
"ეს ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ ვართ თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სოლიდარული. გვსურს აღვნიშნოთ, რომ რეალურად ომი რუსეთმა დაიწყო 2008 წელს, თებერვლიდან კი ჩვენ ვხედავთ მის მეორე ფაზას, რამაც შეარყია ევროპული უსაფრთხოების გარემო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით. შევხვდით მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასა და მოვუწოდეთ მათ, რომ გადადონ გვერდით უთანხმოება და პარტიული ინტერესები, რათა საქართველომ დაუბრკოლებრივ გააგრძელოს ევროპული გზა. ჩვენ მნიშვნელოვან პრიორიტეტს შევეხეთ, მათ შორისაა უკრაინის მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით, რათა რუსი ორკების დამარცხება მოხერხდეს," - აცხადებს ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი.
როგორც ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი აცხადებს, პუტინის ტერორისტული რეჟიმის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა.
"ბალტიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობის აღდგენა, რათა პუტინის ტერორისტული რეჟიმი დავასრულოთ. უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი უკრაინაში წამოწყებული ომით, თავს ესხმის არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ საქართველოს, ბალტიის ქვეყნებს და ყველა დანარჩენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც პოლიტიკოსებმა, რომ აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში. რუსეთში მოქმედი ტერორისტული რეჟიმი უნდა დამარცხდეს. აქვე მსურს იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი," - მარკო მიკელსონი