19 მაისი 2024,   17:28
ვრცლად
რამ გამოიწვია ლიკანში ბუნებრივი აირის გაჟონვა, რასაც აფეთქება და მსხვერპლი მოჰყვა- შენობის მდგრადობას ექსპერტები სწავლობენ

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 75 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. ძლიერმა ვიბრაციამ რკინაბეტონის ფილა ჩამოანგრია და ქალს დაეცა. ამ ტრავმის გარდა, ოფელია ტონოიანს დამწვარი ჰქონდა თავის არე, ხელისა და ფეხის კიდურები. დაშავებული ბორჯომის "ჯეო ჰოპიტალსში" მალევე გადაიყვანეს, მაგრამ დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო, მესხეთის 21 ნომერში 15-სართულიანი სახლის მე-2 სართულის ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანგრძლივი და ძლიერი ბიძგები ძალიან ჰგავდა მიწისძვრას, თუმცა შემდეგ აფეთქების ხმა ორჯერ გაიგეს. 

შემთხვევის ადგილას მალევე მივიდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. საცხოვრებლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხა 48 ოჯახმა. 150 ადამიანი ბინით უკვე უზრუნველყოფილია. მათი უმრავლესობა, სურვილის თანახმად, სასტუმროში განთავსდა. 

არის თუ არა მესხეთის 21 ნომერში არსებული საცხოვრებელი კორპუსი უსაფრთხო, ჯერჯერობით, უცნობია. ახლა სამხარაულის ექსპერტებმა უნდა დაადგინონ არის თუ არა კორპუსში ცხოვრება უსაფრთხო, სადაც 48 ოჯახის საცხოვრებელი სახლია. 

რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა და როდის დაბრუნდებიან დაზარალებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს - ამ კითხვებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამხარაულის ბიურო გასცემს . ლიკანში ექსპერტებს ხვალ ელოდებიან. შსს ფაქტზე გამოძიება ობიექტზე გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიყო , რამაც სიცოცხლის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია.

დღის ამბები