საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ.
როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას.
"ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში, ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა არსებობს. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.
დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას ეხება. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელი არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე,ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ," - განაცხადა პრემიერმა.