ამერიკის ელჩმა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესზე ისაუბრა. კელი დეგნანი რეფორმების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საკითხს ევროკავშირის კომისია შეაფასებს.
"ამ საკითხს ევროკავშირის კომისია შეაფასებს. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი 12 რეკომენდაციის, არამედ ამ რეფორმაზე არის საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის დაცვაზე.
თავად პროცესი უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ოპოზიცია, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მხარე.
მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში და მიწევს ხშირად შეხვედრა მოსამართლეებთან და შევხვედრილვარ ბევრ მოსამართლეს. ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან და ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე," - განაცხადა კელი დეგნანმა.