15 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაესწრნენ

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაესწრნენ. მათ დაბრუნებას საბჭოში ოპოზიციისა და არასამთავრობოს სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ამას სხდომის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.

თავის მხრივ, ლევან მურუსიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა განცხადებები გააკეთეს.

ლევან მურუსიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.

"სენსიტიურ საქმეებზე საუბრობენ, რომ ე.წ. კლანი ღებულობს მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, სადაც მოსამართლეთა, ვინც იხილავდა და სხვებისაც ლანძღვა-გინება მიდიოდა. არავის ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ვინმემ მოიხადა ბოდიში?!- ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას. ამაზე დემოკრატიული და ამაზე კარგი წესი სადმე შემოუთავაზებია ვინმეს?!" - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მედიასთან განცხადება გააკეთა დიმიტრი გვრიტიშვილმაც.

"მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ?! როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას," - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გარდა ამისა, გვრიტიშვილმაც არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. "კლანი" სწორედ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.

"გურუსავით არის ერთი ადამიანი - ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას და დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით - სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?" - აღნიშნა გვრიტიშვილმა. 

დღევანდელ სხდომაზე სულ 5 საკითხი განიხილეს, რომელთა შორის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის თემა მთავარი იყო. 

კანდიდატებს შორისაა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც ისევ გამოთქვა პოსტზე დაბრუნების სურვილი. ვლადიმერ ხუჭუას დღევანდელ სხდომაზე კოლეგის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწია. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოქმედმა მსაჯულმა ბადრი ლიპარიშვილმა განაცხადა, რომ ხუჭუას მხრიდან სამი წელია ზეწოლას განიცდის.

დღის ამბები