23 დეკემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია ვაკის პარკის ტრაგედიის პარალელურად - თბილისის მერი საცურაო აუზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია ვაკის პარკის ტრაგედიის პარალელურად - ასე აფასებს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მერიის დაქვემდებარებულ აუზში ბავშვები მოიწამალნენ.

კალაძის განცხადებით, სპორტულ ცენტრ "იმედში" ინტოქსიკაციის ფაქტები არ დადასტურდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, წყლის სინჯები კი სრულ ნორმაშია.

"სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას, საქმე ეხება სპორტულ ცენტრ "იმედს", სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა, ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან რეაგირება.

მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში თითქოს ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა რომ ქლორისა და PH-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

ამის მიუხედავად, ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, გარდა იმისა რომ ყოველდღიურად ხდება სინჯების აღება, დამატებითი 2 კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია და არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას.

თუმცა პრობლემა არსებობს, პრობლემაა იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, მე არ მინდა, ახლა ვისაუბრო ამ თანამშრომლებზე და იმ რეალურ პრობლემაზე, რაც აქვთ იმ კონკრეტულ თანამშრომელს და ყოფილ თანამშრომელს, თუმცა პრობლემა ამ თვალსაზრისით იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება არის სამარცხვინო.

როგორც დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდო სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, დაამთხვიეს ამ ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და თავზარდამცემი იყო ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის და სპეციალურად მანიპულირებენ თემით, რომ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი, არ ვიცი ამაზე მეტი მავნებლობა და სამარცხვინო რა უნდა იყოს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები