საბოტაჟი და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეგნებულად დაზიანება - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერების ბრალდებებს. ბრიუსელიდან დაბრუნებული გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე ამტკიცებენ, რომ ოცნების ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ გახდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციისთვის ქვეყნის წინსვლა და განვითარება პოლიტიკურად წამგებიანად ასოცირდება.
"შიგნით როლები აქვთ განაწილებული, ვიღაცას აქვს შოუმენის როლი, ვიღაცას ანტურაჟის როლი. როგორც ჩანს, ბატონმა ვაშაძემ შოუმენის როლი მოირგო, სხვებმა ანტურაჟის როლი, პოზირებენ და სელფებს იღებენ. აქ არის ერთი რამ მთავარი, რომ მათთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ასოცირდება მათ პოლიტიკურ კრახთან. პირდაპირ, ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი მომავალი იგულისხმება მათთვის, რომ მათთვის პოლიტიკურად ეს არის წამგებიანი. შესაბამისად, მიზანმიმართულად ურტყამენ ქვეყნის ინტერესებს,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მიუღია აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში და მხოლოდ ნეგატიურ მოლოდინებს ტირაჟირებენ.
"წლის ბოლომდე გვაქვს კონკრეტული ამოცანები შესასრულებელი, რომლებზეც მუშაობა ამ ამოცანების მიღებისთანავე, ამ წლის ზაფხულში დაიწყო. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მიუღია აქტიური მონაწილეობა ამ პროცესებში და ტირაჟირებენ ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც ცალსახად არასწორია. არის სახელმწიფო ინტერესები, სადაც უნდა გაცალკევდეს პარტიული ინტერესებისგან. იმის მაგივრად, რომ რაიმე ალტერნატიული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა შესთავაზონ საზოგადოებას და თავის პოტენციურ ამომრჩეველს, ამის მაგივრად შემოიფარგლნენ „ოცნება ცუდიას“ ძახილით და ამას ძირითადად, იძახიან ქუჩიდან,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.