მმართველ გუნდში "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერების ბრალდებებს პასუხობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი რუსულ საქმეს ასრულებს.
"ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოს, ხოლო საქართველოში როდესაც ჩამოდიან ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. ერთიც და მეორეც ჯამში გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს და რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რუსული საქმეა, როდესაც შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი, რუსული საქმეა, როდესაც აგირჩევს ოპოზიციაში საზოგადოება და პარლამენტში არ შედიხარ, რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან, რომ როგორმე შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
"ძალიან ცუდ სიზმრებშიც კი ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის წევრობას. მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რადიკალური ფრთის წარმომადგენლები დადიან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.