15 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
რაც უფრო დასუსტდება და მოირღვევა ოპოზიცია, მით უკეთესი ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ნაწილის ახალი იდეა პრაიმერიზის ჩატარებასთან და საერთო სიასთან დაკავშირებით პარტიებს შორის ისევ შიდა დაპირისპირების თემაა. ჯერ არ შექმნილ გაერთიანებას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს და პროცესს არ უერთდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ეს არის პატარა პარტიების მცდელობა ამ ფორმით საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. მათი აზრით, ამ დროისთვის მსგავსი სახის გაერთიანების შექმნის საჭიროება არ დგას.

"უნდა გაძლიერებდეს გაერთიანება და არ უნდა გასუსტებდეს. ამიტომ, ჩვენ პირიქით, მივესალმებით გაერთიანებას, ოღონდ გაერთიანება არ უნდა იყოს მზის სისტემას შორის - ოპოზიცია დიდი რაღაცა და მერე პლანეტები რომ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ირბენენ და პარლამენტში შევლენ ერთიანი სიით. არ არის ეს სწორი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" კი კრიტიკას არ იღებენ. იმედი აქვთ, რომ მათი კოლეგები პოზიციას შეიცვლიან.

"პარლამენტში შესვლის სურვილს რაც შეეხება, პირველი ვისაც ეტყობოდა პარლამენტში შესვლის სურვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე მაშინ გრიგოლ ვაშაძე და შემდეგ, როცა უკვე მოლაპარაკებები შარლ მიშელის ეგიდით წარიმართა, იმ მოლაპარაკებებზე საჯაროდ აცხადებდა, მათ შორის ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომელიც ასევე მაგ პარტიის წარმომადგენელი იყო, რომ ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპირებდა პარლამენტში შესვლას. მე პარლამენტში არ ვარ, გამოსული ვარ, მათ შორის განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენლისგან, რომლებიც პარლამენტში არიან დღემდე.

პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის სურვილი არქონაში, რომ ეს ერთობა შედგეს. ამას რომ აკეთებ, მინიმუმ უნდა ხსნიდე, რომ არსებობს რაღაც ალტერნატიული გზა თუ როგორ უნდა დაამარცხო ივანიშვილის სისტემა, რომელსაც ძალიან მყარად აქვს ფესვები გადგმული. თუ ეს ალტერნატიული გზა არ გაქვს, მაშინ ერთადერთი გზა რჩება - ერთობა. თუ ერთობის წინააღმდეგი ხარ - ამ შემთხვევაში თამაშობ ივანიშვილის თამაშს," - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", პარტიის თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ერთიანობის იდეაზე თავდასხმა, მისივე განცხადებით, არის შეცდომა. ვაშაძე იმედოვნებს, რომ იდეის მოწინააღმდეგენი საკუთარ არჩევანს გადახედავენ.

"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დღეს ხაზი ევლება რუსეთსა და ევროპას შორის და პარტიული დღის წესრიგი ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.

"ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას და ისტორიულად პასუხისმგებელია მათ შორის იმაზე, რაზეც არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ, მე, ზურამ და გიორგიმ შევქმენით იმ ერთობის ბირთვი, რომელიც არის საშუალება ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომ გაერთიანდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარშემო. დღეს ხაზი ევლება არა რაღაც პარტიული დღის წესრიგებს შორის, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამი პარტია ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს.

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან - „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პოტენციური ერთობა შეუძლებელია შედგეს, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე იდეოლოგიური ერთიანობა არ არსებობს. "ოცნების" წევრები დღეს პრაიმერისმა და სამომავლო პოტენციურმა საარჩევნო სიამ ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა.

"მგონია, რომ პრაიმერისი არის ერთგვარი მაღალი მატერია და ფანჩატური და პრაიმერისი ერთმანეთთან არის შეუთავსებელი მცნებები. აქედან გამომდინარე, დიდი გულის ყურით ვერ დაველოდებით ამ პრაიმერისებს. ოპოზიცია არის დასუსტებული და ეს დასუსტება იწვევს შიდა კონფლიქტებს, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ასეთ დროს შანსი უჩნდებათ შედარებით რაციონალურ და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ დაიმკვიდრონ ადგილი პოლიტიკურ სპექტრში. რაც უფრო დასუსტდება და მოირღვევა ოპოზიცია, მით უკეთესი ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ პარლამენტში შოუმენების და კომიკოსების ადგილი არ არის.

"როდესაც "გირჩი" ჯაფარიძემ დატოვა და განაცხადა, რომ უარს აცხადებდა მანდატის გამოყენებაზე, მაგალითად მიუთითა და თქვენ იცით, რომ ამაზე საკონსტიტუციო სარჩელიც კი შეიტანა, რომ მას სურდა, რომ დასაქმებული ყოფილიყო "გლოვოს" კურიერად. როგორც ჩანს ახლა უკვე ბატონმა ვაშაძე, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და ვერ იპოვა, თვითრეალიზების საშუალება არ მიეცა და რამე თუ აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის. ახლა როგორც ჩანს "გირჩი" ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია "გლოვოს" კურიერად და შესაბამისად, ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასკდებიან ბატონი ვაშაძე და "გირჩი" ჯაფარიძე "გლოვოს" კურიერის მოტოებს და უკეთესი სერვისით, უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. ესეც დასაფასებელია, რომ იქნებ აქ მაინც გააკეთონ რაიმე სასიკეთო საქმე. აქ, ნამდვილად, არც სივრცეა და არც ადგილი არც ერთი კომიკოსისთვის და არც მეორე შოუმენისთვის," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები