15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
დაანონსებიდან ორ დღეში დაშლილი კოალიციური ერთობა - რატომ ვერ იპოვა ოპოზიციურმა სამეულმა მოკავშირეები პარლამენტში და რას ურჩევს ოპონენტებს "ქართული ოცნება"

ახლად დაანონსებულ ოპოზიციურ ერთობას, პირველი დარტყმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაყენა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არ ესმით, რატომ შეიძლება დაბალრეიტინგულ პარტიებთან საერთო სიისა და პრემიერობის კანდიდატის შერჩევაზე იმსჯელონ. ახალ პოლიტიკურ ტრიოსთან სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც. დღეს, ამ პარტიიდან კოლეგებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება და 2020 წელს ოპოზიციური გაერთიანების დაშლაც შეახსენეს.

"ნაცმოძრაობის" წევრების განცხადებებს ახალი პოლიტიკური ტრიოს მხრიდან, საპასუხო კრიტიკა მოჰყვა. ისინი, 2 წლის წინ პარლამენტში შესვლის მთავარ ინიციატორად "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელ თავმჯდომარეს ასახელებენ. ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას აზრით, ახალი გაერთიანების მიღმა დარჩენილი ნებისმიერი ძალა პროსახელისუფლებო საქმეს გააკეთებს.

კანონმდებლები დღეს განსაკუთრებულად კრიტიკული გიორგი ვაშაძის მიმართ იყვნენ. მათი თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი პოლიტიკაში მხოლოდ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ვაშაძის მიმართ მწვავე ეპითეტები არც ყოფილმა თანაგუნდელმა დაიშურა. თეონა აქუბარდია, რომელსაც უკვე ყოფილი ლიდერი "ქართული ოცნების" პარტნიორად მოიხსენიებს, ამბობს რომ მსგავსი მიდგომებით კოალიციას წინსვლის პერსპექტივა არ აქვს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, კვლავ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხის დასმას და სამომავლო სიების ფორმირებაზე საუბარს დაგვიანებულს უწოდებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეც. გიგა ბოკერიამ დღეს, კოლეგებს გაერთიანებამდე წარსული შეცდომების გახსენება ურჩია.

სამომავლო ოპოზიციური კოალიციის მორიგმა იდეამ, დღეს მმართველი გუნდი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა ოპონენტებს კვლავ შალვა ნათელაშვილის ე.წ. ფანჩატურში დაბრუნებას ურჩევენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ გაერთიანების იდეის ავტორებს სამომავლოდ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ.

"დროამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "გირჩი მეტი თავისუფლებამ" პოლიტიკური ალიანსი რამდენიმე დღის წინ შექმნეს. პოლიტიკოსები მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ერთიანს საარჩევნო სიას და პრაიმერისით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას აანონსებენ.


 

დღის ამბები