საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება. მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.
შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ.
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ადამიანები სიცოცხლესთან ბრძოლაში მარცხდებიან.
"გაეროს კლიმატის კონფერენცია არის შეხსენება, რომ პასუხი ჩვენს ხელშია და სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. ჩვენ სიცოცხლისთან ვართ ბრძოლაში და ვმარცხდებით. ჩვენი პლანეტა სწრაფი ტემპით უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც კლიმატის ქაოსს შეუქცევადს გახდის. უკრაინაში მიმდინარე ომმა და სხვა კონფლიქტებმა დიდი სისხლისღვრა და ძალადობა გამოიწვია და ამის დრამატული გავლენა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდასაჭერად," - აცხადებს გუტიერეში.
ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით კი, კლიმატის გადარჩენაში სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს.
"ყოყმანის დრო არ არის. სამოქალაქო საზოგადოება ახლა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჩვენი მიზანია მწვანე პოლიტიკის დაჩქარება და მისი ადაპტაცია. საერთაშორისო საზოგადოებას ამ კუთხით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ პასუხისმგებლობების გაზიარება უნდა შევძლოთ.
საერთო ნდობა ჩვენი პროგრამისა და წრამატებისთვის საუკეთესო გარანტია იქნება. განვითარებადმა ქვეყნებმა ბევრი უნდა გააკეთონ რომ კლიმატის ცვლილებას გაუმკლავდნენ და ამ გამოწვევებთან ადაპტირება მოახდინონ,"- აცხადებს აბდულ-ფათაჰ ალ-სისი.