გაეროს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული გზავნილი ჩაიტანა. შარმელ-შეიხში მდებარე საკონფერენციო ცენტრის მთავარი ტრიბუნიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. პრემიერმა დელეგატებს გააცნო ინფორმაცია, რომელიც 2030 წლისთვის შემუშავებულ კლიმატის ცვლილების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას ეხება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაზეც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ეგვიპტეში გამართული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში. მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე კრიზისმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.
პრემიერ-მინისტრი ეგვიპტეში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მსოფლიოში კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევას. შეხვედრების შემდეგ, ილია დარჩიაშვილმა ვიზიტიც შეაჯამა.
გაეროს კლიმატის სამიტს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. დღეს სხვა გამომსვლელებთან ერთად, საკონფერენციო ცენტრის მთავარი ტრიბუნა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაიკავა. ურსულა ფონდერლეიენმა თქვა, რომ მსოფლიომ კლიმატის ცვლილების მიმართულებით სწრაფად უნდა იმოქმედოს. დელეგატებს სიტყვით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც. შარლ მიშელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გლობალურ ენერგეტიკულ გამოწვევებზე საუბრობს.
გაეროს კლიმატის 27-ე კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, მუშაობა უკვე დაასრულა. კლიმატის სამიტი შარმელ-შეიხში 18 ნოემბერს დაიხურება, სადაც დაგეგმილია გაეროს ახალი ანგარიშის გამოქვეყნებაც, რომელიც მსოფლიოში კლიმატის ქაოტურ ცვლილებებს ეხება.