სააგენტო "კვირას" მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ის ექსჩინოსნის - კულტ ვოლკერის შეხვედრაა ასახული, პოლიტიკურ სპექტრში დღეს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიების გავრცელება მართებული არ არის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ძალიან კარგი საერთაშორისო კონტაქტები აქვთ და ასეთი შეხვედრა შესაძლოა გულისხმობდეს, როგორც კერძო შეხვედრას, ასევე რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. ამიტომ, რაღაც შეთქმულების თეორიების განვითარება არამართებული იქნება და ეს შეხვედრა, როგორც ფაქტად ისე უნდა მივიღოთ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
ასევე, პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ სურთ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მსოფლიო პატარაა და შესაძლოა ასეთი შეხვედრები შედგეს:
"ვერ დაიმალნენ სადღაც სარდაფში ფოტო რომ ხელში არ ჩაგვარდნოდათ? მერე რა მოხდა, მსოფლიო ძალიან პატარაა. ვოლკერი თბილისშიც იყო, ხვალ შეიძლება ერევანშიც იყოს. ეს ყველაფერი არის ყველაზე პრიმიტიული. რაც ხდება, ყველაფერი ღიად და ნათლად ხდება. მიდის პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში", რაც არ არის სასიამოვნო, ტყუილად ნუ გავასაღებთ ამას, რომ ეს თითქოს პარტიის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. პირიქით, ახლა მთავარია მშვიდად ჩატარდეს არჩევნები," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე.
სააგენტო "კვირამ" გაავრცელა ფოტო, სადაც ასახულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ს ექსჩინოსნის - კულტ ვოლკერის შეხვედრა. გამოცემის ცნობით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. ფოტო კი "კვირას" გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.
კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია და ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.