სააგენტო "კვირას" მიერ გავრცელებულ ფოტო, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ის ექსჩინოსნის - კულტ ვოლკერის შეხვედრაა ასახული, მმართველ გუნდში შეაფასეს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და სავარაუდო თანამშრომლობა ადამიანთან, რომელიც საქართველოში იძებნება, არამეგობრული ჟესტია.
"მგონი დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ქართულმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული, რომელიც დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან. იცის მისი აწმყო, ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში.
ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც. ვხედავთ ჩვენ თვალწინ რა მოსდის "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არც ერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა.
როცა ასეთ ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია ხომ რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სააგენტო "კვირამ" გაავრცელა ფოტო, სადაც ასახულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და აშშ-ს ექსჩინოსნის - კულტ ვოლკერის შეხვედრა. გამოცემის ცნობით, კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა. ფოტო კი "კვირას" გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.
კურტ ვოლკერი ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანია და ის წლების განმავლობაში იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს წამყვანი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.