15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
რა საერთო აქვთ კეზერაშვილს და კულტ ვოლკერს -  შეხვედრა, რომელიც კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთ მტკიცებულებად იქცა

მედიაში დავით კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის ფოტო  გავრცელდა, ფოტო რამდენიმე თვის წინაა გადაღებული. სააგენტო, რომელმაც ფოტო მოიპოვა წერს, რომ საქართველოში ძებნილ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ნატოში ვაშინგტონის ყოფილ წარმომადგენელს შორის შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ კაფეში 7 ივლისს გაიმართა. ვოლკერი, რომელიც სენატორ მაკკეინის ბიუროში მაღალ თანამდებობას იკავებდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მმართველ გუნდში დღეს თქვეს, რომ ამ ფაქტმა თვალსაჩინო გახადა, თუ ვინ დებს პოლიტიკურ ფსონს კეზერაშვილზე, რომელიც რამდენიმე თვეა შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე საგრძნობლად გააქტიურდა.

ვოლკერისა და კეზერაშვილის შეხვედრის ფონზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოლიტიკურ სურვილებსა და გეგმებზე განსხვავებულ მინიშნებებს აკეთებენ. პარტიის ერთი ნაწილი და ის ლიდერები, რომლებიც მელიას გუნდს წარმოადგენენ, ამბობენ, რომ პარტიაში პროცესების ფორსირება საეჭვო ფაქტია. პოლიტიკოსები, შიდა არჩევნების დროს კულუარული საკითხების გასაჯაროებასაც აანონსებენ.

რა გეგმები აქვს პოლიტიკაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს - ამ კითხვაზე არაერთგვაროვანია სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრება. მათი აზრით, პროცესების კონსპირაციულ ჭრილში გადატანა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური მიდგომების პერსპექტივას აფერხებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" შეტანილ განხეთქილებას, ახალი პოლიტიკური დასაყრდენის შექმნის მცდელობასა და გავლენების გაძლიერებას უკავშიორებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლიგარქიული თამაშის წესებით მოქმედებს.

რა პოლიტკური სტრატეგია აქვს ყოფილ მაღალჩინოსანს, ჯერ საჯაროდ დაზუსტებული არ არის, თუმცა რამდენიმე კვირის წინ დავით კეზერაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა და თქვა, რომ მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ხელისუფლების ცვლილების პროცესშია ჩართული.







დღის ამბები