ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაში.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ვარჰეის პერსონალური პოზიციის იმედად ყოფნა რომ ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მოლოდინი - არ არის ადეკვატური.
"ვარჰეი არის დასახელებული ევროკომისრის პოსტზე ორბანის პარტიის მიერ, ის იყო ორბანის მთავრობის წარმომადგენელი და მისი პოლიტიკური მომავალი უკავშირდება ასევე ორბანის პარტიას და უნგრეთის ხელისუფლებას. სწორედ ამ კონტექსტში ვთქვი მე რომ მისი შეხედულებები არის შეფერული პოლიტიკური აფილიაციით და როდესაც ეს პოლიტიკური აფილიაცია არის პარტიასთან, რომელიც არის ევროსკეპტიკური პარტია, შესაბამისად არ არის ცენტრში ევროპული პოლიტიკის, მხოლოდ იმის იმედად ყოფნა რომ მისი პერსონალური პოზიცია აჩვენებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად აქვს ძალიან დიდი მოლოდინი - არ არის ადეკვატური," - აცხადებს სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ევროკომისია რეალურად ხედავს რომ რეკომენდაციების შესასრულებლად "ქართული ოცნება" ნაბიჯებს არ დგამს.
"ევროკომისარის ენა იყო დიპლომატიური, შეიძლებოდა უფრო მკაფიოდ პოზიციის დაფიქსირება, თუმცა საბოლოო ჯამში ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება ევროპარლამენტში, მათ შორის იმ ადამიანების ვინც აფასებს საქართველოს ნაბიჯებს ასოცირების ხელშეკრულებასთან თუ ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღმასრულებელ ორგანოში, ევროკომისიაში, - ისინი ხედავენ რომ რეალურად "ქართული ოცნება" ამ ნაბიჯებს არ დგამს, ჩვენ ყველამ ვიცით რატომაც არ დგას, იმიტომ რომ ამ 12 რეკომენდაციის სრულად შესრულება ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვას," - თქვა მინაშვილმა.