ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია, საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - განცხადებას მმართველი გუნდი აკეთებს. ვარჰეის გზავნილები თბილისში ისევ პოლიტიკური ბრალდებების თემაა.
"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის მხრიდან ევროკომისარზე თავდასხმაზე და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მკაფიოდ აღიარა საქართველოს პროგრესი 12-ვე რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, რამაც ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია.
"მან [ვარჰეიმ] გვითხრა რომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, იმისთვის რომ მივიღოთ 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული შედეგები და კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, უნდა ვიმუშაოთ ერთად და მივიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი. ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერის პასუხი ამაზე ვარჰეისადმი იყო, რომ ის არის პრორუსი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. როდესაც კონსტრუქციული და პერსპექტივების შემთავაზებელი სპიკერია ევროკავშირიდან ევროკომისრის სახით წარმომადგენელი და ასეთი რეაქცია გაქვს - რა თქმა უნდა რთულია დეპოლარიზაციაზე საუბარი," - თქვა დავითულიანმა.