რა კავშირი აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბათუმის პორტში რუსული ტანკერის შემოსვლასთან, რომლის შესახებაც გარკვეული პერიოდის წინ, ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ ტანკერს სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა - სააგენტო "კვირას" მიერ გავრცელებული მასალა პოლიტიკური ბრალდებების თემაა.
სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 28 ივნისს ბათუმის პორტში შემოსული სანქცირებული ტანკერი დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის მმართველობაშია. სააგენტო ამ ინფორმაციას ნაკაიძე-კეზერაშვილის ერთობლივ ფოტოსაც ურთავს.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. როგორც მან აღნიშნა, ყველა ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები.
"თავისთავად სქემა არის ძალიან საინტერესო, ანუ ბათუმის პორტში შემოდის გემი, ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან და შემდეგ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემთან დაკავშირებით ატარებს ბრიფინგს, რომ ამით ხდება სანქცირებული ტვირთის შემოტანა საქართველოში. სცადეს რაღაცნაირად დაელაგებინათ ის, რომ თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციებზე გვერდის ავლას, სინამდვილეში კი ამ ყველაფერს აკეთებდა მარტივი სქემით კეზერაშვილი, ყველაფერი ნათელია ალბათ საზოგადოებისთვის. არის უმარტივესი სქემა, რომელიც გაიშიფრა და რაზეც დამატებითი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ყველა ძალიან კარგად ხედავს რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.