ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებამ, რომ საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის, განხილვის მთავარი თემა იქცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, დასავლეთი აღარც კი ინტერესდება თუ რა განცხადებებს გააკეთებს მმართველი ძალა.
ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები უკვე დასცინიან ხელისუფლებას. გოცირიძე იმასაც აცხადებს, რომ რომი არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არავის სურს.
"დასავლეთიდანაც უკვე დასცინიან ამათ. თუ თავიდან იყო შენიშვნები, რომ არავის ომი არ უნდა და ნუ ატყუებთ ახლა თქვენს მოქალაქეებსო, ამაზეც კი აღარ აქვთ რეაგირება, იმიტომ რომ ეს იმდენად პრიმიტიული და დრომოჭმული ლოზუნგია, რომ ამას არავინ არ იჯერებს. არავის არ უნდა დედამიწის ზურგზე ომი და მით უმეტეს არც ქართველების ომში ჩართვა უნდა საქართველოში არავის და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ლოზუნგები, მათი პატარა ჭკუით, ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჰგონიათ ბრიყვები,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
ამასთან, ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ შემდეგ კვირას ონლაინ კონფერენციას გამართავს თემაზე ოლიგარქი - რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი. მონაწილეებს შორის არიან რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, იან კელი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე და მამუკა მამულაშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების წამომადგენლების პოზიციას. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მორიგი თავდასხმა საქართველოზე. ღონისძიებაში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ადანაშაულებენ სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში.