15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
თუკი ვანო მერაბიშვილი იქნება პარტიის წინა პოზიციაზე, ეს იქნება "ნაცმოძრაობის" ოპოზიციაში მუდმივად ყოფნის წინაპირობა - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც პეტრე ცისკარიშვილმა ღიად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს, დღეს პარტიის წევრების ნაწილი, ამბობს რომ მერაბიშვილის პერსონის წამოწევა პროცესში ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად დარჩება ოპოზიციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ  თუკი ეს ფრთა გაიმარჯვებს, მათ არ აქვთ სურვილი მუდმივად ოპოზიციაში იყვნენ.

"თუკი ჩვენ ვანო მერაბიშვილს მოვიაზრებთ პარტიის წინა პოზიციაზე, ჩემთვის ეს იმას ნიშნავს რომ „ენმ“ მუდმივად ოპოზიციაში იქნება, ჩემთვის ეს მოცემულობაა. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ექნებათ ჩვენს მხარდამჭერებს მისაღები.

ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვანო მერაბიშვილი იქნება წინა პოზიციაზე პარტიის, ეს იქნება ოპოზიციაში მუდმივად ყოფნის წინაპირობა.

ვინაიდან კონფიგურაციები იცვლება ყოველდღიურად და ახალი ადამიანები ჩნდებიან სცენაზე, ბევრი რამე შეიცვლება და გაცილებით აქტიური კამპანია იქნება.“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

შეგახსენებთ, მანამდე ხაბეიშვილის წინააღმდეგ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ თუ პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას პოლიტიკაში, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვოს.

 

დღის ამბები