"ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან მმართველ გუნდში, სადაც კრიტიკული შეფასებები კეთდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ენმ-ში ოლიგარქიული თამაშის წესებით მოქმედებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ჩრდილოვანი გავლენები და არაფორმალური მმართველობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. რატი იონათამაშვილი ამბობს იმასაც, რომ ენმ თავისივე მაგალითზე გვიჩვენებს ოლიგარქობის არსს.
"როდესაც ისინი საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, საუბრობენ ჩრდილოვან გავლენებზე, ყველაფერი ეს ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხაბეიშვილის ის პერსონაჟია, რომელიც არ გამოდის საკუთარი ინიციატივებით - მას ალაპარაკებენ სხვები. ეს სხვები არიან ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი. "ნაციონალური მოძრაობა" თავის მაგალითზე გვიჩვენებს რა არის ოლიგარქობის მავნე გავლენა პროცესების მართვაზე. შესაბამისად ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ვინც ახლა ცდილობს, რომ უპირატესობა მოიპოვონ "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან მაგალითები, როგორც ოლიგარქობის, ისე ჩრდილოვანი და არაფორმალური მმართველობისა,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კი ფიქრობს, რომ შიდაპარტიული დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" უფრო მეტად გააღრმავებს ჭაობს, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფში არსებობს.
"დაპირისპირება, რომელიც ძირითადად კეზერაშვილის შავი ფულის მოსაპოვებლად იმართება, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს იმ ჭაობს, რომელიც ამ პარტიაში არსებობს. ვერაფრით ის სახეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი სისტემური დანაშაულებით, ხალხის ხოცვით, გაუპატიურებით დაამახსოვრა, რა თქმა უნდა, არ გამოდგება თვით ნაციონალურ მოძრაობის გაჯანსაღებისთვისაც. პირიქით, ეს არის ის გზა, რომელიც ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას საბოლოო პოლიტიკურ კრახამდე მიიყვანს,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.