"მარცხის ფორმულა" - ასე აღიქვამს ვანო მერაბიშვილის პერსონას "ნაციონალური მოძრაობის" ის ნაწილი, რომელიც შიდასაარჩევნო მარათონში მხარს ნიკა მელიას უჭერს. პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დღეს სოციალურ ქსელში "ვარდების რევოლუციის" წლისთავი გაიხსენა და ახალი გამარჯვებებიც დააანონსა. მანამდე იყო პეტრე ცისკარიშვილის კომენტარი, რომელმაც დაადასტურა, რომ ხაბეიშვილს მერაბიშვილის მხარდაჭერა აქვს. მელიას მომხრეაბისთვის მსგავსი გადანაწილება იმის დასტურია, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ე.წ. ამბოხებულების მიღმა კონკრეტული პერსონები დგანან.
ვანო მერაბიშვილის ფაქტორის მიმართ, განსხვავებულია ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერების პოზიცია. დათო კირკიტაძე, თანაპარტიელებს აპოკალიპტური სურათის შექმნისგან თავშეკავებას ურჩევს. პოლიტიკოსის თქმით, ხაბეიშვილს აქვს კომპეტენცია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატებას მოუტანს.
ხაბეიშვილს თავმჯდომარეობისთვის კომპეტენტურობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი უწუნებს. მათი აზრით, მაღალი რეგიონალური ცნობადობა და საერთაშორისო კავშირები - ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ლიდერობისთვის აუცილებელია.
ლევან ხაბეიშვილის უკან მდგომი ყოფილი ძალოვანების პარტიულ ინტერესებში დარწმუნებულია "ქართული ოცნება". მმართველი გუნდი კეზერაშვილ-მერაბიშვილის ტაქტიკას ოლიგარქიული მართვის ნიმუშს უწოდებენ. ამბობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის განვითარება, ამ მიდგომებით შეუძლებელია.
დღეს თბილისსა და ბათუმში აქტივისტებმა ამ მოვლენის იუბილეც აღნიშნეს, თუმცა მას რევოლუციის არცერთი შემოქმედი არ დასწრებია.