შეიქმნება თუ არა ოპოზიციაში ახალი გაერთიანება, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება. გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ თუ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარ მიზანს მიაღწიეს, ოპოზიციურ გაერთიანებას სამომავლოდ გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.
დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერის მოსაზრებას მთავარმა ადრესატებმა უპასუხეს.
"ბატონი ბოკერია რითიც გამოირჩეოდა, სულ ამას ამბობდა, რომ შეთქმულების თეორიების არ სჯეროდა არასდროს და რა მოხდა ახლა, რომ ამხელა შეთქმულების თეორია წარმოადგინა ყოველგვარი მტკიცებულებების და არგუმენტაციის გარეშე - არ ვიცი. კიდევ მას დავუსვით კითხვა, მე მართლა კომენტარი არა მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მსგავსი პოლიტიკური შეთქმულების თეორიების წიაღსვლები სხვა პარტიასთან მიმართებაში არ არის მართებული.
"უმართებულო არის ასეთი პოლიტიკური შეთქმულების თეორიების წიაღსვლები სხვა პარტიასთან მიმართებაში. რეალურად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას როგორც მთავარ ოპოზიციურ ყველაზე მრავალრიცხოვან პარტიას, აქვს სხვა პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის ელექტორალური წონა და გათვლები, საარჩევნო სტრატეგია. პატარა 2%-იან პარტიებს ბუნებრივია სხვა სტრატეგია აქვთ, ამიტომ ასეთი შედარება, დაკავშირება, ავტომატური გაერთიანება და ა.შ. არ არის რელევანტური, არამართებულია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.
გიგა ბოკერიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმება პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
"მე არ ვიცი არც კეზერაშვილის და არც მერაბიშვილის რაღაც კოორდინირებული მოქმედებები არც ჩემთან და არც იმ ხალხთან მიმართებაში, ვისთანაც ერთადაც ახლა ვარ. წარმოდგენა არ მაქვს რა ინფორმაცია აქვს, მაშინ მოყვეს მეტი დეტალები თუ იციან, მარტო გიგა არ არის, ბევრისგან მოვისმინე, თუ რამე იციან - მოყვნენ. მე ზღაპარი მგონია, რომ ვიღაცები დგანან იქიდან და რაღაც ძაფებს ქაჩავენ და მართავენ, არის სრული სისულელე ჩემი აზრით," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი არ გამორიცხავს, რომ ბოკერიას მიერ გამოთქმული ვარაუდი სიმართლეს შეესაბამაბოდეს. მეტიც, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ბოკერიას მიერ გამოთქმული თეორია ლოგიკურია.
"გიგა ბოკერია დიდი ხნის განმავლობაში იყო კეზერაშვილის პოლიტიკური პარტნიორი, მან ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური ფინტები, შესაბამისად, შეიძლება ამაში იყოს ლოგიკა, რასაც ბატონი გიგა ბრძანებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს სამეულიც ფინანსდება კეზერაშვილის სახსრებით და ვიცით, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" კეზერაშვილი ცდილობს მოიპოვოს სრული მონოპოლია. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა მას ურჩევნია, რომ კორპორატიულად მართოს, ვიდრე დაშლილი რამდენიმე შპს. არის ლოგიკა იმაში, რომ კეზერაშვილი შემდგომში თუ დასჭირდა, ამ სამეულს "ნაცმოძრაობას" გაუერთიანებს და იქნება ერთიანი კეზერაშვილის ფრონტი," – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობა" რეალურად არ დაშლილა და მასთან აფელირებულ პირებს ყოველთვის ჰქონდათ კავშირი როგორც თავად დავით მათიკაშვილი აცხადებს, ე.წ. დედაორგანიზაციასთან.
"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეალურად არ დაშლილა და მასთან აფილირებულ პირებს ყოველთვის ჰქონდათ კავშირი თავის ე.წ. დედაორგანიზაციასთან - ეს არის ფაქტი. ამის შესახებ ბოკერიამაც აღნიშნა გუშინ და ეს მოცემულობა, ტრიოს წამოწევა პოლიტიკურ აქტიურობაში, შემდგომ მათი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ფორმალური გაერთიანება თუ რეალურად ისინი ისედაც გაერთიანებულები იყვნენ და ამ ყველაფრის დაფინანსება კეზერაშვილის მეირ. ეს ალბათ ის არქიტექტურაა, რომელზედაც ზის ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება და ცდილობს ამ გეგმით და სტრატეგიით საკუთარი თავის გადარჩენას," - ამბობს დავით მათიკაშვილი.