"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების ჩატარების წესზე აზრთა სხვადასხვაობაა - საკითხის განხილვის მიზნით, კიდევ ერთხელ შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი. უნდა გადაწყვიტონ, რა სისტემით უყრიან კენჭს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, საბოლოო მოსაზრებას კი პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენენ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ღიად და ამიტომ მიიჩნევენ, რომ პლატფორამდ "ფეისბუქი" უნდა იქნას გამოყენებული, სადაც ყველა მხარდამჭერს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ხმა დააფიქსიროს სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
"შიგნით, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მაგალითად, მე ვემხრობი პრინციპს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და ყველა ყველაფერს უნდა ხედავდეს, მათ შორის იმას, ვინ ვის მისცა ხმა. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს ფარული. ფარულისას აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
რაც შეეხება ნიკა მელიას თანამოაზრეებს, ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნები ბლოკჩეინის პლატფორმის გამოყენებით უნდა ჩატარდეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პლატფორმა, რომელიც იქნება გამოყენებული, პასუხობდეს მთავარ ორ კრიტერიუმს. პირველი, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ბევრი ადამიანისთვის, ანუ ბევრმა ადამიანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მეორე, მაქსიმალურად დაცული იყოს, რომ რაიმე სახის მანიპულირება არ მოხდეს. შესაბამისად, ეს ბლოკჩეინის პლატფორმა ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაცულია," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე.