დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეის ავტორი, გიგა ბოკერიას მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში არ გამორიცხა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების მიღმა, შესაძლოა, კორდინირებული ქმედება იდგეს.
პოლიტიკოსის აზრით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა
"ნაცმოძრაობა" ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციას შეუერთდეს, სადაც მთავარი ფიგურა გიორგი ვაშაძე იქნება. ვაშაძე ამ სცენარს უარყოფს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მზადაა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველასთან ითანამშრომლოს.
"ხაბეიშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შესაძლოა ლიდერი გახდეს" - გიგა ბოკერიამ საკუთარი მოსაზრება ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური უმწიფრობით ახსნა. პოლიტიკოსმა "ღამის კურიერში" ისიც თქვა, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების კოორდნირებული შექმნის მცდელობის მიღმა, გულწრფელობას ვერ ხედავს.
ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა პროცესების კულისებიდან მართვაზე საუბარს სპეკულაციურს უწოდებს, ვაშაძის პარტნიორი, ზურაბ ჯაფარიძეც.
ვაშაძის ლიდერობით სახელისუფლებო მარათონში ბრძოლა წამგებიანი ტაქტიკაა "ნაციონალური მოძრაობისთვის". ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას, ორ პროცენტიანი პარტიებისგან განსხვავებული პოლიტიკური სტრატეგია აქვს.
ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრის პარალელურად, ერთიანობის მიღწევა ისევ ვერ ხერხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". დღეს მელიას გუნდს ღიად ბადრი ბასიშვილი დაუპირისპირდა. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ძველმა სახემ, კოლეგები, მერაბიშვილის მარცხის ფორმულად გამოცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს დღემდე ახსოვს მერაბიშვილის გაკეთებული სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები და პარტიულ აქტივისტებს დღემდე მოჰყვებათ მის მიმართ სიყვარული. პასუხად საკუთარი თანაგუნდელების ნაწილის მხრიდან, კვლავ ექსპრემიერის პოლიტიკურად დამაზიანებელ პერსონაზე საუბარი მიიღო.
"ნაცმოძრაობის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მმართველი გუნდი პარტიის საბოლოო რეგრესს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" "ევროპული საქართველოს" ლიდერის თეორიაც დამაჯერებლად ეჩვენებათ. მიზეზად კი ბოკერიას მხრიდან კეზერაშვილის მოქმედების სტილის კარგ ცოდნას ასახელებენ.
ვინ დაიკავებს "ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის პოსტს და რა პოლიტიკური გადაჯგუფებები მოჰყვება ამ ფაქტს, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ჯერჯერობით პარტიაში კვლავ არჩევნების მეთოდზე მსჯელობენ, თუმცა კონსესუსისთვის იქაც არ მიუღწევიათ.