15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ხაბეიშვილი, მელია - ვისზე დებს ფსონს პატიმარი სააკაშვილი

სად გადის ზღვარი პარტიაში ფულსა და ღირსებას შორის - ბრიუსელიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ ამ საკითხის დეტალური განმარტება აღარ ისურვა, თუმცა თქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერზე ღიად ისაუბრებს - ისაუბრებს კეზერაშვილის გავლენებზე, რომელსაც ერთხელ მოოლიგარქო ელემენტი უკვე საჯაროდ უწოდა. ნიკა მელია მეორედ გამარჯვებას აანონსებს.

მელიას განცხადებას პარტიის ცენტრალური ოფისიდან, სადაც თითქმის ორი წლის წინ მის დასაცავად ბარიკადებს აგებდნენ, თავმჯდომარის კრიტიკა, "ნაცმოძრაობის" სტაგნაციაზე საუბარი და ლიდერობის ახალი მსურველის წარდგენა მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საარჩევნო მარათონში ჩართვას გამორიცხავდა, მელიასგან განდგომილების ფრთის ლიდერად მოგვევლინა.

ხაბეიშვილს რეგიონალური ცნობადობა და უცხო ენების ცოდნა მალევე დაუწუნეს პარტიის ვეტერანმა წევრებმა. მათი აზრით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ლიდერობა პოტენციური პრემიერ-მინისტრობისთვის მზაობას ნიშნავს, რისთვისაც ხაბეიშვილს კვალიფიკაცია არ ეყოფა.

ხაბეიშვილის კომპეტენციას კოლეგებისგან განსხვავებით ენდობა დავით კირკიტაძე, რომელიც შიდა პარტიულ ბრძოლაში მელიას მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია. კირკიტაძე დეკანოიძეს რეალური განწყობების გასაგებად, საკუთარი კანდიდატურის დასახელებას სთავაზობს, კოლეგებს კი აპოკალიპტური სურათის წარმოდგენისგან თავშეკავებას ურჩევს.

ლევან ხაბეიშვილს მალევე, ღია მხარდაჭერა წარსულში "ნაცმოძრაობის" ხერხემლად მონათლულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელით გამოუცხადა. ვანო მერაბიშვილმა საკუთარ გვერდზე ჯერ ხაბეიშვილის წარდგენა გააზიარა, შემდეგ კი ვარდების რევოლუციის 19 წლისთავზე ახალი გამარჯვება დააანონსა.

მერაბიშვილის საარჩევნო პროცესში ღიად ჩართვა კატეგორიულად მიუღებელია მელიას გუნდისთვის. მარცხის ფორმულა, რომელიც პარტიას მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის გაწირავს - ასეთია ბაჩო დოლიძის პოზიცია. მელიას ფრთის პოზიცია უცვლელია, მათ მერაბიშვილთან თანამშრომლობა არ სურთ.

მერაბიშვილის კრიტიკას ურეაქციოდ არ ჩაუვლია. ყოფილი პრემიერი "ნაცმოძრაობის" სტაჟიანმა წევრმა ბადრი ბასიშვილმა დაიცვა. კოლეგებს პარტნიორები დაუწუნა და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სიყვარული "ნაცმოძრაობის" ელექტორატის უმრავლესობას ისევ აქვს.

გასულ კვირას, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების ანალიზი გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერში" გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, რომელმაც 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაში მონაწილეობა თავადაც მიიღო ფიქრობს, რომ დღეს მოვლენის მიღმა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ინტერესები დგას.  

ის, რაც ბოკერიასთვის ყოფილი ძალოვნების ერთობლივი გეგმაა, შეთქმულების თეორიაა გიორგი ვაშაძისა და მისი პარტნიორებისთვის. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მზად არიან ყველასთან ითანამშრომლონ, გიორგი ვაშაძე კი დღემდე ლობირებს იდეას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ საერთო პრემიერობის კანდიდატი პრაიმერისის გზით უნდა აირჩიოს.

გახდება თუ არა ერთ დროს კეზერაშვილის კრიტიკოსი, დღეს, მისი მთავარი დასაყრდენი უკვე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რანგში უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა ჯერ პარტიაში არჩევნების ჩატარების წესზე მაინც უნდა შეთანხმდნენ. ხაბეიშვილი-მელია-მუმლაძის გარდა, არ არის გამორიცხული "ნაცმოძრაობაში" პირველი კაცობისთვის, პარტიიდან ერთხელ დემონსტრაციულად წასულმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმაც იბრძოლოს.

დღის ამბები