15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
მაშინ, როდესაც ქვეყანაში რთული მდგომარებაა, ერი და ბერი უნდა იყვნენ გაერთიანებულები და არა დაქსაქსულები - გიორგი ცაგარეიშვილი

არაერთგვაროვანია გამოხმაურებები დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სტატუსზე, რომელიც მან მონაზვნის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ უპირისპირდება საპატრიარქოს და ბრალს სდებს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, მეორე ნაწილი კი კოლეგების გამოხატვის ფორმას არ მიესალმება.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ თავდასხმები ეკლესიასა და საპატრიარქოზე ეროვნული ინტერესების მტრობაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო არის რუსეთის გაგრძელება. 

"საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი და ზიზღი. ფემიციდის პასუხისმგებლობას კი ცდილობს გადააბრალოს მედიას. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რუსეთის გაგრძელება,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ქრისტიანობის არსი მიტევება და სიყვარულია.

"ქრისტიანობის არსი არის მიტევებაში და სიყვარულში, შესაბამისად "სტრატეგია აღმაშენებლი" მსგავს დისკუსიაში არ ჩაერთვება. იმის გამო, რომ ჯაღმაიძის განცხადება არ მოგვწონს, ამის გამო თითქოს ვუპირისპირდებით ეკლესიას,"- აცხადებს მანჯგალაძე. 

"ქართული ოცნების" წევრები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის იყოს მჭიდრო კავშირი. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობის დროს ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. 

"მაშინ, როდესაც ქვეყანაში რთული მდგომარებაა ერი და ბერი უნდა იყვნენ გაერთიანებულები და არა დაქსაქსულები. ჩვენი რელიგიის მოსპობით შეურაცხყოფით ზოგიერთები ფიქრობენ, რომ პირად განდიდებას მიაღწევენ და დაიკმაყოფლებენ თავიანთ მახინჯ ვიწრო პარტიულ ინტერესებს,"- აცხადებს ცაგარეიშვილი. 

დღის ამბები