15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
სააფთიაქო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, PSP, პრემიერმა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისთვის გააკრიტიკა - ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხის შესწავლა მოითხოვა

მომხმარებლები, მათ შორის პენსიონერები, რომლებსაც წამლების იაფად შეძენა სურდათ, "კურიერთან" საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვებიან. ასახელებენ კონკრეტულ ქსელსაც, სადაც, მათი თქმით, შეცდომაში შეყვანა სცადეს. ამ პრობლემაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ- მინისტრმაც.

მსგავსი დამოკიდებულების შემთხვევაში, პროგრამა, რომელიც თურქეთიდან ხარისხიანი მედიკამენტების დაბალ ფასად შემოტანას ითვალისწინებს, ფუნქციას კარგავს. შესაბამისად, დღეს პრემიერ-მინისტრმა საკითხის შესწავლა და მკაცრი რეაგირება მოითხოვა.

საკითხი რომ შესწავლის პროცესშია და მას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს, მთავრობის სხდომის შემდეგ დაადასტურა ფინანსთა მინისტრმაც.

იმის მიუხედავად, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის პრაქტიკაზე საუბრისას ეჭვი psp-ს მიმართ გამოითქვა, კომპანია მსგავს ფაქტებს გამორიცხავს.

უწყება, რომელმაც შესაძლო დარღვევები უნდა შეისწავლოს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოა. იქ ამბობენ, რომ psp-ს მიმართ ეჭვები სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გამო გაჩნდა.

მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის ხარჯების შემცირების მიზნით თურქეთიდან ჯი-ემ-პი-ს ხარისხის მედიკამენტების შემოტანის პროცესი იანვრის თვეში დაიწყო. მზადდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვით უკვე გაიაფებული მედიკამენტების ფასი კიდევ 40 პროცენტით უნდა შემცირდეს. პარალელურად, მარეგულირებლებს ფარმაცევტულ ქსელებში კეთილსინდისიერების სტანდარტის გადამოწმება უფრო ინტენსიურად მოუწევთ.

დღის ამბები