14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"ძალიან სუსტად არის, ისე აქვს დაწვრილებული ფეხები, პატარა ბავშვივით, ზუსტად ამიტომ ვეღარ დგება.. იმ ფეხებზე ვეღარ დგება" - გიული ალასანია

სააკაშვილის ოჯახი სასამართლო პროცედურებიოს დაჩქარების მოლოდინშია - ისინი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო კომენტარი რამდენიმე წუთის წინ კლინიკა „ვივამედთან“ გაკეთდა - მსჯავრდებული სააკაშვილის დედამ განმარტა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, შესაბამისად, აუცილებელია მისი ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდეს.

"ჰემოგლობინი აქვს ძალიან დავარდნილი, ადამიანი არის ძალიან სუსტად, ფეხზე ვეღარ დგება, ისე აქვს დაწვრილებული გუშინ რომ დავინახე, პატარა ბავშვივით, ზუსტად ამიტომ ვეღარ დგება. იმ ფეხებზე ვეღარ დგება. ახლა ამ მომენტში, მოსამართლეს ვთხოვთ, რომ დააჩქაროს პროცესი. თვითონაც ამის იმედი აქვს, ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განხილვა," - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის უფლებადამცველს, ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესი დაჩქარდეს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის სამკურნალო მიზნით ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებით.

"მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ისევ მაღალი ტემპერატურა, ვერ გადაადგილდება, საკვების მიღება უჭირს.

როდესაც სასამართლო იხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმეს, მისი მოთხოვნით, პენიტენციური სამსახური დაუყოვნებლივ აგზავნის პატიმრის პირად საქმეს. არ ვიცი რატომ ჭიანურდება. შეიძლება ჩაერთოს ის სასამართლო განხილვებში, მაგრამ ჯანმრთელობა არ მისცემს საშუალებას, რომ თუნდაც ნახევარი საათით დაესწროს, შეიძლება ცუდად გახდეს," - აცხადებს ადვოკატი ილია ლომია.

დღის ამბები