13 ივნისი 2024,   20:08
ვრცლად
ვინ არის ემირი ისა, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილი? - ექსკლუზიური კადრები და უცნობი ფაქტები საერთაშორისო ტერორისტზე, რომელსაც ქართველმა სპეცსამსახურებმა ხელბორკილები თბილისის აეროპორტში დაადეს

რა მიზნით დაბრუნდა საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა? - დეტალები ბურუსით მოცულია , საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა ტერორიზმის საქმეს ნათელს ფენს "კურიერი P.S.-ის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო კადრები, ძმები ტოხოსაშვილების მონაწილეობით ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკის ფონზე.

"რუსთავი 2-მა მოიპოვა კადრები, რომელიც მძიმე სანახავია და შეიცავს ძალადობის ფაქტებს, ამიტომ მაყურებელი სიუჟეტში მხოლოდ მცირე ფრაგმენტს იხილავს. ვიდეო უტყუარად ადასტურებს "ისლამური სახელწიფოს" - დაეშის ტერორისტულ საქმიანობაში ძმები ტოხოსაშვილების მონაწილეობას.

 10-დან 17 წლამდე პატიმრობა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ელის. ემირი ისა, იგივე ომალოელი ცისკარა ტოხოსაშვილი დაკავებულია, ტერორისტული ორგანიზაციის გავლენიანი ფიგურა, სახელმწიფო უსაფრთხოებამ თბილისის აეროპორტში აიყვანა. 

ომალოში ტოხოსაშვილის კავშირებს ისლამურ სახელმწიფოსთან უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ის წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

რა იციან ახლობლებმა მისი საქმიანობის შესახებ და  რა გეგმებით ბრუნდებოდა ტერორიტი ქვეყანაში - ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში ტოხოსაშვილებმა დიდი გავლენა მოიპოვეს. ძმები პირადად ხელმძღვანელობდნენ ახლო აღმოსავლეთში არაერთ ტერორისტულ აქტს და კოალიციურ ძალებთან შეტაკებებს. ორივე მათგანი სირიაში მძიმედ დაიჭრა. ცეზარ ალ ბარა შიშანი საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში ჯერ კიდევ 2019 წელს კიევში დააკავეს და ამჟამად სასჯელს საქართველოში იხდის, 7 დეკემბერს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს მისი ძმა, ცისკარა ტოხოსაშვილი, იგივე ემირი ისა. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს სპეცრაზმმა ხელბორკილები პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე დაადო.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ცისკარა ტოხოსაშვილის მეთაურობით არაერთი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ალეპოში, ლატაკიისა და იდლიბის რეგიონში განთავსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე.

ცეზარ ტოხოსაშვილი სოფელ ომალოში დიდი ხანია არ გამოჩენილა. პანკისის ხეობაში მისი დაკავების ამბავი მედიიდან შეიტყვეს. დედა არ უარყოფს, რომ ემირი ისა ბოლოს თურქეთის კლინიკაში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ნახა. სირიაში ერთ-ერთი ტერაქტის დროს მან მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა ოჯახი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

ბოლო წლებში სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციების შესუსტების პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება. ახლა, უსაფრთხოების სამსახურების მთელი ძალისხმევაც ტერორისტების მიგრაციაზეა მიმართული. საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თვალს ადევნებს პოტენციური ექსტრემისტების გადაადგილებას.

ანალიტოკისების გათვლით, პოზიციების დასუსტების მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში კვლავ იბრძვის საქართველოდან წასული არაერთი მოქალაქე. ისლამური სახელმწიფოს იდეას 50 მათგანი უკვე შეეწირა, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ტაქტიკის ცვლილებასთან ერთად, იცვლება საფრთხე და მოქმედების არეალიც.

საქართველოში, ტერორიზმის ბრალდებით, უკვე არაერთი პირი იხდის მრავალწლიან სასჯელს . მათ შორის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი. პანკისის ხეობაში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების გადაბირება და შემდეგ სირიაში საბრძოლველად გამგზავრება - ამ ბრალდებით გაასამართლეს აიუფ ბორჩაშვილი, რომელიც ასევე მოაიზრებოდა საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლად.

პანკისის ხეობიდან წყარო აცხადებს, რომ თბილისის აეროპორტში დაკავებულ ცისკარა ტოხოსაშვილს, ძმასთან ერთად ახლო კავშირი ჰქონდა აჰმედ ჩატაევთან, რომლის დაჯგუფება ქართველმა სპეცსამსახურებმა 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანეიტრალეს. თავად ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

ცისკარა ტოხოსაშვილს სასამართლოში გაძლიერებული კორტეჟით და სპეცრაზმის თანხლებით მიიყავნეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ტერორიზმში მხილებულ მამაკაცს, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები