ქვეყანას ახალ წლამდე ახალი სახალხო დამცველი არ ეყოლება. კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დაგეგმილ ფორმალურ კენჭისყრაზე ომბუდსმენობის კანდიდატებს მმართველი გუნდის მხრიდან ნულოვანი მხარდაჭერა ექნება.
ამასთან, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე აცხადებს, ომბუდსმენის არცევის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მმართველ ძალას. იაგო ხვიჩია ამბობს იმასაც, რომ მას პროცესის ჩაშლას ვერ დააბრალებენ, ვინაიდან იგი ამ შემთხვევაში კანდიდატის ამპლუაშია წამოდგენილი.
"ზოგადად, ჩაშლაზე, შეიძლება, ყველას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ნება აკლია იმას, რომ მე ამირჩიონ სახალხო დამცველად და მე რომ დამაბრალონ, შენ შლი პროცესსო, ვერ დამაბრალებენ, კანდიდატი ვარ ბოლოსდაბოლოს. ოპოზიციას თავისი როლი აქვს, იმიტომ რომ ამ პროცესში მასაც არ გამოუხატავს ჩემ მიმართ მხარდაჭერა და მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დარჩნენ თავიანთი, თავიდანვე ფავორიტი კანდიდატების ერთგულად და არც კი ისაუბრეს კონსენსუსზე მთელ ამ პროცესში,"-აცხადებს იაგო ხვიჩა.
მმართველი ძალის მხრიდან ოპოზიციისთვის "პასუხისმგებლობის გადაკისრებაზე" საუბრობს პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრიც. მიხეილ დაუშვილი "ოცნებას" ხელისუფლების მახასიათებლების ზოგად ცნებასაც ახსენებს.
"ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი რა არის? - არის ის, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე გრძნობს და ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და იღებს. "ოცნება" ყოველთვის პასუხისმგებლობას გაურბის. მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ 12 პუნქტი შეესრულებინათ, მათი მიზანი იყო კიდევ ერთი ალიბი შეექმნათ და პასუხისმგებლობა ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის ვერშესრულებაზე გადააკისრონ ოპოზიციას,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი
რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრს, პაატა მანჯგალაძე ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ წარდგენილი კანდიდატურები ჩავარნილიყო
"თუ ვინმე არის პასუხისმგებელი სახალხო დამცველის არარჩევაზე, ერთ-ერთი რეკომენდაციის ჩავარდნაზე, ეს არის "ქართლი ოცნება", რადგან ბოიკოტი და საბოტაჟი გამოუცხადეს პროცესს. ოპოზიცია თანახმა იყო იმ კარგი პრაქტიკის შესაბამისად დასახელებული კანდიდატების შერჩევის, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კანდიდატურები ჩავარნილიყო. დღესაც მუშაობენ იმაზე, რომ ჩააგდონ ეს კანდიდატები,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ განხილვები იანვარში თავიდან დაიწყება. განახლდება კონსულტაციებიც. ოპოზიცია მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებს.