15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ანა წითლიძემ 12 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა - პარლამენტიდან დეპუტატი კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა - დეპუტატმა 12 დღიანი შიმშილობა ექიმების თხოვნით გუშინ დაასრულა და პარლამენტიდან კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად მოთხოვნები უცვლელი რჩება.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სულ 4 დეპუტატი შიმშილობდა. დანარჩენმა სამმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი რამდნემე დღის წინ თქვა.

"ამ ადამიანმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე საერთოდ შესაძლებელია, რომ გაკეთდეს თავისი ჯანმრთელობის ფასად. ამიტომ, ყველას ვთხოვ და განსაკუთრებით იმ ადამინებს, ვინც ფიქრობს, რომ თავგანწირვის აქტს შეიძლება რაღაც დაუყოვნებლივი შედეგი მოჰყვეს. ეს შედეგი, რომელიც არის, არის ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, გაიგეს აშკარად რა არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ადამიანის გადარჩენა,"  - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ანა წითლიძის მიერ შიმშილობის შეწყვეტას მიესალმებიან მმართველ გუნდში.

"შიმშილობა არ არის ის გზა, რომლითაც შესაძლებელია მოთხოვნებთან დაკავშირებით რელევანტური მოცემულობის შექმნა. კარგია თუ კი ქალბატონმა წითლიძემ შეწყვიტა შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ეს შევაფასო. ხოლო, რაც შეეხება მოთხოვნას, მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური და ამან არ უნდა მიიღოს ბულინგის სახე საზოგადოებაზე. კარგია ის, რომ შეწყვიტეს ეს რადიკალური ზომა და დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები