02 მაისი 2024,   12:53
ვრცლად
სისხლიანი ღამე უკრაინაში - საოკუპაციო ძალამ საკუთარი სახე მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალამ კრამატორსკში "ისკანდერის" ტიპის რაკეტები გამოიყენა. მრავალბინიანი კორპუსის აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 20-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ნანგრევებში გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე სამაშველო სამსახურის 100-მდე თანამშრომელია მობილიზებული.

მსხვერპლია ჩერნიჰივის ოლქშიც. რუსულმა ჭურვმა კერძო სახლი გაანადგურა. დაიღუპა 4 ადამიანი, რომელიც აფეთქების დროს თავს სარდაფს აფარებდა.

რუსული აგრესია კიევიდან დაგმო ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ჟოზეფ ბორელთან ერთად ჩავიდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა მიწასთან ასწორებს დასახლებულ პუნქტებს, რასაც დღეში ათობით მშვიდობიანი ეწირება. ამის მიზეზი კი, უწყების მტკიცებით, აგრესორის ბრძოლის ველზე დამარცხება და კოლოსალური დანაკარგია. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი ოკუპანტი.

რუსოფობიური ძალის კონცენტრაციას ხედავს სერგეი ლავროვი მოლდოვაში. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ კიშინიოვის წაქეზებას ცდილობს. რაც მოლდოვაში მუქარის შემცველ ტონად აღიქვეს.

კიევის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს თელ-ავივი. ჰუმანიტარული დახმარების შემდეგ ისრაელმა უკრაინას, შესაძლოა, შეიარაღება მიაწოდოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მისი მთავრობა საჰაერო თავდაცვის სისტემის "რკინის გუმბათის" გადაცემის საკითხზეც მსჯელობს.

დღის ამბები