28 აგვისტო 2026,   12:44
ვრცლად
"წითელ ხიდზე", სატვირთოდან, სამშენებლო ფილებს შორის დამალული სიგარეტის ასობით ათასი კოლოფი ამოიღეს - ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 132 000 ლარის ღირებულების 202 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საზღვარი "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.

საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი ფილებით, საბოლოო დანიშნულების ქვეყანა კი ჩეხეთი იყო.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო პროცედურების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.

სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.

რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.

უფლებამოსილი პირების მიერ, პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის - "NZ", "MINSK" და "Queen Menthol".

აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ.

დღის ამბები