27 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
თურქეთში, უპრეცედენტოდ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

კადრები, მიწისძვრის ეპიცენტრში სპეციალურად "კურიერისთვის" გადაიღეს - ექსკლუზიურ მასალაში ქალაქ გაზიანთეპის ქუჩები და იქ მდებარე საცხოვრებელი სახლების ნანგრევები ჩანს. ტელეფონით გადაღებულ კადრებში ასევე ადვილი შესამჩნევია, რომ თურქეთის ამ ქალაქის დიდი ნაწილი სრულად არის განადგურებული.

დამანგრეველ მიწისძვრას "კურიერის" რესპოდენტი თავად გადაურჩა, თუმცა ის ახლა ნანგრევებში მოყოლილ ქართველ მეგობრებს ეძებს. ყვება, რომ ქალაქში პანიკაა. შეშინებული ხალხის ნაწილი ქალაქგარეთ გარბის, გადარჩენილთა მეორე ნაწილი კი თავს ქარხნებს, საწყობებსა და ფაბრიკებს აფარებს.

თურქეთის კიდევ ერთი ქალაქი ანთაქია მიწისძვრამ თითქმის სრულიად გაანადგურა. ახლა მაშველები ადამიანებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. თურქმა სამართალდამცველებმა ცხედრის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ გაიგეს, რომ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე შეეწირა.

საქართველოს მოქალაქის ნაზი ზარანდიას გარდაცვალების ამბავი მის შვილს სტამბულიდან სენაკში იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ნაზი ზარანდია მუშაობდა. ცხედარი ახლა თურქეთში, პროზექტურაშია დასვენებული. ქალის 12 წლიან ემიგრაციას მეზობლები იხსენებენ.

საქართველოს მოქალაქე მეორე ქალი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "კურიერს" თურქეთში საქართველოს ელჩი უდასტურებს. ახლა ნანგრევებში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც ეძებენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საელჩოსა და საკონსულოს.

სტიქიასთან ბრძოლის პროცესში რამდენიმე საათში 60 ქართველი მაშველიც ჩაერთვება. ხალხის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში მონაწილეობას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ. თურქეთში მაშველებთან ერთად შესაბამისი ტექნიკა დღის პირველ ნახევარში გაგზავნეს.

ახლა მთელი საქართველო, მეზობელი ქვეყნის ტკივილს განიცდის. თურქ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკოსებიც უცხადებენ.

თურქეთი საქართველოდან სამძიმრის წერილებსაც იღებს. მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ საქართველოს პატრიარქი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

დღის ამბები