27 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
კანონის სრული სიმკაცრით იქნება ყველა ის დესტრუქცია აღკვეთილი, რომელსაც მოიფიქრებენ - "ქართული ოცნება" ოპოზიციის გეგმებზე
"ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს მმართველ გუნდში ქვეყნის არევის მცდელობად აფასებენ. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით სააკაშვილის პარტია ცდილობს ქვეყანა შიგნიდან დაასუსტოს.  

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ყველა დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან კანონის სრული სიმკაცრით იქნება აღკვეთილი.

"ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს, რომ რამენაირად ქვეყანა არიოს. ესეც არის დავალების ნაწილი. სასაცილო იქნებოდა ამ კომიკური პერსონებისგან, რომ არ იყოს და რომ არ იკითხებოდეს აქ ხელწერა, დავალება, კონკრეტული განზრახვა იმისა რომ ქვეყანაში რამენაირად არიონ სიტუაცია და შემდეგ დასუსტებული ქვეყანა შესაძლებელია უფრო მარტივად ჩაითრიონ ომის კამპანიაში. 
 
ვერც ვერავინ დაინახავს და გაიგებს მათ არ ყოფნას პარლამენტში, ამას გპირდებით. რაც შეეხება იმას რომ მოსვენებას არ მოგვცემენ - თუ უკანონო გზებით ივლიან, მე არაერთხელ განვაცხადე რომ მიიღებენ კანონიერ პასუხს," - აცხადებს ოდიშარია.
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს დესტრუქციული სურვილები, თუმცა განხორციელების რესურსი არა.
 
"ღიმილისმომგვრელია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რაიმე სახის დესტრუქციაზე საუბარი, ცხადია რომ ამის სურვილი მათ სულ გააჩნიათ, თუმცა რეალურად არანაირი რესურსი და ძალა არ აქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ შემიძლია ვისაც ასეთი ცხელი იდეები მოუვა თავში ვუთხრა, რომ კანონის სრული სიმკაცრით იქნება ყველა ის დესტრუქცია აღკვეთილი, რომელსაც მოიფიქრებენ ან მოიგონებენ," - თქვა მათიკაშვილმა.
დღის ამბები