15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

დღის ამბები