05 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ნანგრევების ქვეშ დაწყებული სიცოცხლე, ათასობით გადარჩენილი და ათასობით გარდაცვლილი ადამიანი - რა ხდება სტიქიის ზონაში დამანგრეველი მიწისძვრიდან მეოთხე დღეს

ქალაქ ჯინდაირისში ნანგრევების ქვეშ რამდენიმე დღის წინ აია დაიბადა. ჩვილი ერთადერთია ოჯახიდან, რომელიც დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა. ინტერნეტში პატარა აიას ნანგრევებიდან ამოყვანის კადრები ვირუსულად გავრცელდა , რის შემდეგაც ათასობით ადამიანმა გადარჩენილი ახალშობილის შვილად აყვანის სურვილი გამოთქვა . 

ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსები უკვე მცირეა, კაჰრამანმარასში მაშველებმა მიწისძვრიდან 99 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან მოზარდი ცოცხლად ამოიყვანეს.  
 
კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ერდოღანი სტიქიის ზონაში რჩება, ის სხვადასხვა ქალაქში ზარალის შესაფასებლად და დაზარალებულების მოსანახულებლად ჩავიდა. 
 
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 21 ათასს აჭარბებს. მხოლოდ თურქეთში მსხვერპლი 18 ათასზე მეტია. ორივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, ნაწილს კარავში , ზოგს კი - ღია ცის ქვეშ უწევს ღამის გათევა. 
 
თურქეთსა და სირიაში მასობრივ საფლავებს თხრიან. შეერთებულ შტატები ორივე დაზარალებულ ქვეყანას, ჯამში, 85 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუგზავნის . სანქციების მიუხედავად, ვაშინგტონიდან სირიაში საკვები, კარვები და მედიკამენტები ჩავა.
დღის ამბები